თქვენ შესანიშნავი იდეა დაგებადათ დამწყები კომპანიისთვის, ის უკვე თვეებია თქვენს თავში ტრიალებს და იცით, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია, მაგრამ არ იცით, როგორ განახორციელოთ იგი. გამოცემა Entrepreneur გვიყვება 9 ნაბიჯზე, რომლებიც ამის მისაღწევად უნდა შეასრულოთ.
1. შეამოწმეთ თქვენი იდეა
თქვენი ბიზნეს-იდეის შემოწმების საუკეთესო ხერხია, ჰკითხოთ ადამიანებს, რას ფიქრობენ ისინი მასზე. არ სთხოვოთ ფული ან ინვესტიციები; სთხოვეთ, მოგაწოდონ კონკრეტული შეფასებები თქვენი იდეის გარკვეული ასპექტების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენ ხსნით ახალ რესტორანს, ჰკითხეთ მათ, რომელი კერძების მირთმევა უყვართ რესტორნებში და რომელ კვების ობიექტებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად.
თქვენ უკეთეს შედეგებს მიიღებთ, თუ ერთ ჯერზე კონცენტრაციას მოახდენთ თქვენი ბიზნესის ერთ კონკრეტულ ნაწილზე და არ დაიწყებთ კითხვას, გამოიყენებენ თუ არა ისინი თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას სრულად. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს, გასცენ უფრო ვრცელი პასუხები და, ამავდროულად, არ გადაიტვირთონ სხვა დანარჩენით.
2. დაწერეთ ბიზნეს-გეგმა და ბიზნეს-მოდელი
თქვენი იდეებისა და გეგმების ჩაწერა დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რისი გაკეთება გსურთ, ასევე საშუალებას მოგცემთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი გეგმა ხარვეზების გარეშეა. ბიზნეს-გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
- თქვენი ბიზნესის აღწერა, მათ შორის მისი მიზნები და მისია;
- თქვენი პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის განკუთვნილი სამიზნე ბაზრის აღწერა;
- თქვენს დარგში არსებული კონკურენციის აღწერა;
- აღწერა იმისა, თუ როგორ იგებენ კლიენტები თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ;
- რა თანხებია საჭირო საწყისი ხარჯებისთვის და რამდენი – მიმდინარესთვის.
3. დაელაპარაკეთ პოტენციურ კლიენტებს
თქვენი ბიზნეს-იდეა რომ განახორციელოთ, აუცილებელია, დაელაპარაკოთ პოტენციურ კლიენტებს. ყველაფერი საუბრით იწყება.
როდესაც ახალ პროდუქტს ან მომსახურებას ქმნით, ვერ დაიწყებთ ვარაუდს იმაზე, დაემთხვევა თუ არა თქვენი კლიენტების საჭიროებები თქვენსას. თქვენ უშუალოდ პოტენციურ კლიენტებს უნდა დაელაპარაკოთ და ჰკითხოთ, რა სურთ მათ და რამდენს გადაიხდიან ამაში.
4. შეიმუშავეთ პროტოტიპი
თუ თქვენ შესანიშნავი იდეა გაქვთ პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის, მაგრამ გსურთ გაიგოთ, შეიძენენ თუ არა მას სხვები, სანამ მის შექმნაში დროსა და ფულს დააბანდებთ, აუცილებელია შეიმუშავოთ პროტოტიპი. პროტოტიპი თქვენი იდეის სამუშაო მოდელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, მუშაობს თუ არა ის, რა უნდა გადააკეთოთ და როგორ გააუმჯობესოთ. პროტოტიპს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. ამის მაგალითებია: ექსელის ფურცელი ან Google Sheets-ის დოკუმენტი ყველა ფუნქციით, რომელთა გამოყენება თქვენს პროდუქტში გსურთ, ან თუნდაც მრავალფუნქციური ვებ-საიტი, რომელიც საბოლოო პროდუქტის იმიტაციას გააკეთებს.
5. დატესტეთ და შეამოწმეთ კონცეფცია
ტესტირების დროც დადგა.
დატესტეთ თქვენი ბიზნეს-იდეა მარტივი გზით. მაგალითად, თუ გსურთ, გახდეთ ფრილანსერი მწერალი, დაწერეთ რამდენიმე სტატია ნიმუშად და შესთავაზეთ ზოგიერთ კლიენტს უფასოდ. თუ საკვების მიწოდების ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, მოამზადეთ ერთი-ორი კერძი და ერთ ან ორ ღონისძიებაზე გაყიდეთ. გარდა ამისა, ბიზნესის გაშვებამდე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, როგორებიცაა Google Analytics ან SurveyMonkey, რათა ნახოთ, რომელი იდეები ყველაზე პოპულარულია კლიენტებში.
6. იურიდიული შედეგების გაგება და ბიზნესის რეგისტრაცია
ბიზნესის შექმნის დიდი ნაწილი ერთი ხელმისაწვდომი ბიზნეს-სტრუქტურის არჩევაა. აშშ-ში არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება არ არის პასუხისმგებელი ახალი საწარმოების რეგისტრაციაზე. ამის ნაცვლად, მცირე ბიზნესისთვის შეიძლება შეიქმნას მრავალი ტიპის იურიდიული პირი, მათ შორის კორპორაციები, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები (შპს), ამხანაგობები და ინდივიდუალური მეწარმეები. თითოეული ტიპის ორგანიზაციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვისაა შესაფერისი. მას შემდეგ, რაც დაადგენთ, რომელი ტიპის იურიდიული პირი შეესაბამება თქვენს ბიზნესს, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ იგი შესაბამის სააგენტოში.
7. დაფინანსება და ინვესტორები
ყველა სტარტაპი მარცხს არ განიცდის, თუმცა ისინი, ვინც წარუმატებელია, ჩვეულებრივ, ორიდან ერთ შეცდომას უშვებენ. ჯერ ერთი, მათ ფული უმთავრდებათ მანამ, სანამ თავიანთი პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის ბაზარს შექმნიან; მეორეც, ისინი ვერ არწმუნებენ ინვესტორებს, რომ მათგან აქციების სანაცვლოდ ფული მიიღონ. ამ შეცდომების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა დემონსტრირება იმისა, რომ ხალხს თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა სურს იმდენად, რომ გადაიხადოს ამაში.
8. გაზარდეთ ბაზრის ცნობიერება
სანამ ბიზნეს-იდეის განხორციელებას დაიწყებთ, აუცილებელია პოტენციური კლიენტების ცნობიერება და ნდობა გაზარდოთ. პირველ ეტაპზე შექმენით ვებ-საიტი, პროფილები სოციალურ ქსელებში და დაგზავნის სია. მიმართეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი იდეის შესახებ გამოხმაურებების მიღებაში; გაარკვიეთ, რომელი ბიზნესი უფრო შეეფერება თქვენს უნარების ნაკრებს და სად არის მასზე საკმარისი მოთხოვნა თქვენს რეგიონში. არსებობს მუშაობის დაწყების ბევრი გზა მარკეტინგულ მასალებზე ან სარეკლამო კამპანიებზე დიდი თანხების ხარჯვის გარეშე.
9. დაიქირავეთ თანამშრომლები
როდესაც ბიზნესის შექმნისთვის საჭირო ზემოაღნიშნულ ნაბიჯებს შეასრულებთ, შეუდექით თანამშრომელთა დაქირავებას. თქვენ უნდა დაიქირაოთ ადამიანები კლიენტთა მომსახურებისთვის, გაყიდვებისთვის, მარკეტინგისა და ბუღალტრული აღრიცხვისთვის. თავიდან თანამშრომელთა დაქირავების საუკეთესო გზა გახლავთ „მარკეტინგი პირიდან პირში“. თუ ვინმეს აქვს თქვენთან მუშაობის დადებითი გამოცდილება, ის ამაზე სხვებს მოუყვება და ურჩევს შეიტანონ განაცხადი თქვენს კომპანიაში სამუშაოდ.
თუ თქვენ გაქვთ ბრწყინვალე ბიზნეს-იდეა, გულმოდგინედ უნდა იმუშაოთ, რომ განახორციელოთ იგი, თუმცა უკანასკნელი რჩევა ასეთია: სანამ საკუთარ ბიზნეს დაიწყებთ, აუცილებლად შეისწავლეთ, ვინ არიან თქვენი კონკურენტები; შეისწავლეთ სარეკლამო და მარკეტინგული სტრატეგიები და დარგები, რომლებშიც მათ წარმატებას მიაღწიეს, ხოლო რომლებში – დამარცხდნენ. არ მოიპაროთ მათი იდეები, არამედ მათგან შთაგონებულებმა მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის იმუშავებს, თითოეული ბიზნესი ხომ უნიკალურია.