სხვა შტატების მკვიდრ ამერიკელებს ურჩევენ, არ ეწვიონ ფლორიდას ხისტი
საემიგრაციო პოლიტიკისა და რასიზმის გამო
CNN იუწყება, რომ ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშემწყობი ეროვნული ასოციაცია (NAACP) და ლათინოამერიკელი მოქალაქეების გაერთიანებული ლიგა (LULAC) ახალ კანონებთან და შტატის გუბერნატორის რონ დე სანტისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აფრთხილებენ ფლორიდაში გამგზავრების მსურველებს.
NAACP რეკომენდაციას აძლევს სხვა შტატების მკვიდრ ამერიკელებს არ ეწვიონ ფლორიდას – “ეს პირდაპირი პასუხია გუბერნატორ რონ დე სანტისის აგრესიულ მცდელობებზე, წაშალოს შავკანიანთა ისტორია და შეზღუდოს მრავალფეროვნების, სამართლიანობის და ინკლუზიურობის პროგრამები ფლორიდის სკოლებში”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ 20 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
ბრძოლა განათლებისთვის.
ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დე სანტისმა აკრძალა აფროამერიკელთა კულტურისა და ისტორიის შესახებ სასწავლო კურსი, რომლის შემოღებასაც აპირებდნენ სკოლების უფროს კლასებში. ეს ნაბიჯი ერთ-ერთია იმ ქმედებათა სერიიდან, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ საუბრები და გაკვეთილები რასის, სექსუალობის და გენდერული იდენტობის შესახებ არ შედგეს შტატის სკოლებში, იუწყება „Guardian“. გასულ წელს დე სანტისმა ხელი მოაწერა შტატის კანონს “დისკრიმინაციის შეწყვეტის შესახებ”, რომელიც სკოლებში მკაცრად ზღუდავს საუბრებს რასობრივი უთანასწორობის შესახებ. ასეთივე კატეგორიულ მიდგომას ავითარებს ის ლგბტქ+ -თან მიმართებაში. გასულ წელსვე დე სანტისმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელსაც უწოდეს „არ თქვა “გეი”“ და რომელიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის თემებზე საუბრებს სკოლის მესამე კლასამდე.
დე სანტისის მმართველობის დროს ფლორიდამ აკრძალა კრიტიკული რასობრივი თეორიის სწავლება, რომელიც სისტემურ რასიზმს ამერიკის ისტორიის ნაწილად აღიარებს და უპირისპირდება იმ დებულებებს, რომელთაც რასიზმს აყვავების საშუალება მისცეს.
გუბერნატორმა განაცხადა, რომ ეს კონცეფცია ასწავლის ბავშვებს – “სახელმწიფო დალპა, ჩვენი ინსტიტუტები კი არაკანონიერია”. მან ასევე მიიღო ამკრძალავი კანონი ნარატივისა, რომ ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება ან იჩაგრება მისი რასის ან კანის ფერის საფუძველზე.
NAACP აცხადებს, რომ დე სანტისის ქმედებები “პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ იდეალებს”.
NAACP-ის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე LULAC-მა მოუწოდა ამერიკელებს თავი შეიკავონ ფლორიდაში გამგზავრებისგან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დე სანტისმა 10 მაისს ხელი მოაწერა ახალ კანონს იმიგრაციის შესახებ, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა.
იმიგრაციის შეზღუდვა.
აღნიშნული კანონი ითვალისწინებს:
- არალეგალების სხვა შტატებში გადაყვანის პროგრამების გაფართოვებას;
- 25 თანამშრომელზე მეტი ადამიანის დამსაქმებელი დაწესებულებებისთვის აშშ-ში მუშაობის უფლების განმსაზღვრელი E-Verify და სხვა ფედერალური სისტემების გამოყენების მოთხოვნის გაფართოვებას;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან იმ ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვას, რომლებიც პირადობის მოწმობებს გასცემენ აშშ-ში მუდმივი ლეგალური სტატუსის არმქონე მიგრანტებზე;
- ფლორიდა არ აღიარებს მართვის მოწმობას, რომელიც გაცემულია არალეგალებზე სხვა შტატების მიერ;
- საავადმყოფოებმა, რომლებიც ღებულობენ პაციენტებს ‘Medicaid’-ის მიხედვით, პაციენტისთვის განკუთვნილ კითხვარს უნდა დაამატონ შეკითხვა აშშ-ის მოქალაქეობის ან სტატუსის შესახებ.
როგორც LULAC, ასევე NAACP აცხადებენ, რომ დე სანტისის ადმინისტრაციის მოქმედებები იმიგრანტებისა და ფერდაკანიანი ადამიანების მიმართ „მტრულია“.
“ფლორიდა ღიად მტრულად არის განწყობილი აფროამერიკელების, ფერადკანიანი მოსახლეობის და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ“, – ნათქვამია NAACP-ის განცხადებაში. – „ვიდრე ფლორიდაში გაემგზავრებოდეთ, გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ ფლორიდის შტატი იმ პრობლემების გაუფასურებას და მარგინალიზებას ახდენს, რომელთაც აფროამერიკელები და სხვა ფერადკანიანი საზოგადოებები ეჩეხებიან”.